ლიტერატურა- ქალის ფემინისტური ბუნების ანარეკლი

ნანახია: 1 291
სრული ინფორმაცია

პარადოქსია, მაგრამ დღევანდელ - 21-ე საუკუნეში ქალთა და კაცთა თანასწორობაზე თუ თანაბარუფლებიანობაზე საუბარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.

სალომე აბულაძე 
ბოლნისი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ისტორიამ ბევრი გვასწავლა და წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება გვაქვს მიღებული გუშინ დაბადებულ ხალხს, დღეს მაინც საჭირო ხდება ისეთი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების წამოჭრა, როგორიც გენდერული თანასწორობისა თუ სტერეოტიპებისგან მოდის.

ასეა თუ ისე, ამის განხილვა მაინც ჩვენი თანადროული ეპოქის განუყოფელი ნაწილია.

ყველა ღაღადებს იმას, თუ როგორ წინ დგას ქალი დღევანდელ საზოგადოებაში, როგორი გზახსნილია იგი და არ ხდება მისი გენდერული ნიშნით შევიწროება, რაც ხშირ შემთხვევაში ფორმალურია, თუმცა დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის დიდი ბრძოლა, მით უმეტეს - დაუსრულებელი, რაც ამ სქესმა გაწია თავის სრულყოფილად დამკვიდრებისთვის საზოგადოებაში. მიუხედავად ცივილიზაციის მრავალსაუკუნოვანი, ათასწლოვანი ისტორიისა, მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულებში მოხერხდა მყარად გაედგა ფესვები ქალის დეფინიციას არა როგორც უბრალო მატერია, არამედ კაცის თანასწორსა და სრულუფლებიანს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პროცესი არ ყოფილა რამდენიმე წლის ან ათწლეულის საქმე, გარკვეული ელემენტები, რომლებიც ერთგვარ რეზონანსს წარმოადგენდნენ ქალთა ჩაგვრისა თუ უუფლებობისა, მუდმივად არსებობდა, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, უდიდესი მწერლების ლიტერატურული ნაშრომებიდან დაწყებული, ყოველდღიური დიალოგებით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ კარდინალური ცვლილებების ხანა მეოცე საუკუნე იყო, არ უნდა დავივიწყოთ ის ინსპირაციული ნაწარმოებები თუ გმირები, რომლებმაც შთაგვაგონეს, რომ ქალის შესაძლებლობებს, აზროვნებას, მიზანსწრაფულობას, ძლიერებას არ აქვს ზღვარი და არანაირ საკითხში არ უნდა იქნან ისინი მოხვედრილნი უმცირესობაში, რომლებმაც დაგვანახეს ის პოტენციური ძალა, რომლის პატარებელიც ქალია.

სწორედ ამ მხრივ სახასიათო ნაშრომს წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ნოველა “სიამაყე და ცრურწმენა”, რომლის პერსონაჟიც, ელიზაბეტ ბენეტი, იმ საზოგადოების სოციალურ პროტესტად გვევლინება, რომელშიც ოსტინი ცხოვრობდა.

ლიტერატურა- ქალის ფემინისტური ბუნების ანარეკლი

წარმოვიდგინოთ საზოგადოება, სადაც ქალი ის საგანია, რომელიც მდიდარ მამაკაცს აკლია კომფორტისა და სრულყოფისთვის. ესაა საზოგადოება, რომელშიც ქალი, როგორც მატერია, ერთგვარ გამფორმებელს წარმოადგენს და მისი გრძნობების სრული უგულებელყოფა ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ განათლებასა და სამსახურზე.

ელიზაბეტი კი გვევლინება გასაოცრად ძლიერ, დიდი სიბრძნისა და ფემინისტური ბუნების მქონე გმირად, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ამავე ნოველის ერთ-ერთი პერსონაჟის სისუსტესა და უბრალოებაში, არასტაბილურობასა და ზედმეტ მგრძნობიარობაში.

ასევე საგულისხმოა ქალისა და კაცის თანასწორობისთვის მებრძოლი ლუიზა მეი ოლკოტი, რომელიც ნელი გენდერული პროგრესის პერიოდს მიეკუთვნება. ქალების რთულ, უმწეო მდგომარეობას ადასტურებს სწორედ ის ფაქტი, რომ ამ მწერალს მამაკაცის სახელით მოუწია ნაშრომის გამოქვეყნება.



მიუხედავად ამისა, იგი სწორედ პირველი ქალი იყო, რომელმაც შეძლო არჩევნებში ხმის მისაცემად რეგისტრაციის გავლა.

დიდ ინტერესს ოლკოტის რომანში ჯო იწვევს, რომელიც გვევლინება ყველაზე გაბედულ, ქალბიჭა გმირად. იგი არ უშინდება მამრობითი სქესისთვის მახასიათებელი აქტივობების განხორციელებას, და ასევე არ გაგვაკვირვებს ის ფაქტი, თუ ვიტყვით, რომ ძლიერ ამბიციურია, ვინაიდან მისი ცხოვრების მიზანს წარმოადგენს გახდეს ცნობილი მწერალი, დიდებული საქმეების განმახორციელებელი იმდენად, რომ იგი სიკვდილის შემდეგაც არ იქნეს დავიწყებული, გახდეს სხვები გაოცების საგანი და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი.



დინამიურ პერსონაჟად გვევლინება ოცდამეერთე საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალ სიუზენ კოლინზის გმირი კეტნის ევერდინი. შიმშილის თამაშების მთავარ პერსონაჟს- ჯიუტს, დაუთმობელს, სერიოზულსა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონეს, ყოველდღიურ სიძნელეებთან გამკლავება თავად უწევს.

სწორედ ამიტომაა, რომ ის ყველაფერი, რასაც აკეთებს მამის გარდაცვალებით სასოწარკვეთილი ოჯახის დასახმარებლად, ქალის საქმესა თუ ქცევებს არ მიეწერება. იგი ერთგვარი სიმბოლო და განსახიერებაა იმ მზადყოფნისა თუ შესაძლებლობისა, რომელსაც ქალი ძალის გამოყენების შემთხვევაში მიმართავს.



ის ემოციური თუ ფსიქოლოგიური გამოცდილება, რომელსაც კეტნისი შიმშილის თამაშების დროს იღებს, მას უფრო ძლიერ პერსონაჟად აქცევს. თავად გმირის თანაგრძნობა და სიბრალული, მიზანსწრაფვა, ემპათია, მოხერხება, გამჭრიახობა და საზრიანობა, ინტელექტი კი მას უდაოდ აქცევს ფემინისტ პერსონაჟად.

თუმცა, ყოველთვის არ ყოფილა ადვილი შეგექმნა ნაწარმოები და გამოგეცა იგი მაშინ, როცა ქალი იყავი; როცა შენს ცხოვრებაში, კაცისგან განსხვავებით, მონოტონურობა სუფევდა - უცხო იყო მრავალფეროვნება რა; საზოგადოების ფართო ფენების მიერ შენი ნაშრომის აღიარების მოსაპოვებლად კი საპირისპირო სქესის ფსევდონიმით უნდა გამოგეცა შენი ფანტაზიის ნაყოფი, დიდი შრომით გადმოცემული.

მეტად ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება გამეფებულ უთანასწორობაზე თუ ვიტყვით, რომ ისეთი ცნობადი ქალი მწერლებიც კი, როგორებიც ბრონტეები არიან, მამაკაცის სახელს იყვნენ ამოფარებულნი, ჯორჯ ელიოტის აღქმა, როგორც ქალის, კი დღემდე ჭირს.


შესაბამისად, ქალებმა თავის დამკვიდრების და თანასწორუფლებიანობის მოპოვების დიდი და რთული გზა განვლეს. მოხსენიებული ლიტერატურული პერსონაჟები კი სწორედ იმის მტკიცებას წარმოადგენენ, რომ გენდერულ უთანასწორობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან, კაცისა და ქალის შესაძლებლობებს შორის ზღვარი არ ივლება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."