,,ბედი ქართლისა", ერეკლე II , ,,გეორგიევსკი" და ,,თავისუფლება" -წითელი ხაზებისა და ეროვნული სტრატეგიების მარადიული ჭიდილის ამბავი

ნანახია: 8 872
სრული ინფორმაცია

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემას "ბედი ქართლისა" გამორჩეული ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ ლიტერატურაში მით უფრო, რომ მასში გადმოცემულ კონტექსტს ისტორიული რეალობა უდევს საფუძვლად.


სალომე აბულაძე, ბოლნისი


მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინო რომანტიკოსის ეს ნამუშევარი მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, თანამედროვე მკითხველისთვის კვლავ აქტუალურია მასში დასმული საკითხი. ხოლო იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად შეგვექმნას წარმოდგენა, თუ რა საჭირბოროტო საქმის გადაწყვეტა უწევდა ერეკლე მეორეს და რამდენად გაითვალისწინა მან სოლომონ ქველის აზრი, მიმოვიხილოთ ისტორიული კონტექსტი, რომელიც ნაწილობრივ ავტორის ფიქციას წარმოადგენს.

პოემას ლამის მოგებული ბრძოლა ხსნის , რომლის ბედიც ქართველთა ორგულობამ გადაწყვიტა. თუმცა მას შემდეგ, რაც იმედგაცრუებული ერეკლეს სახე შემოდის ჰორიზონტზე, ვხვდებით, რომ ღალატმა არამხოლოდ ერთ დროს მშვენიერ თბილისს დაასვა დაღი, არამედ ქართველი კაცის თავისუფლებაც დააყენა ეჭვქვეშ: ერეკლე მეორეს ქართლ-კახეთის რუსეთისათვის მიბარება განუზრახავს.

ეს გამოსავალი ყველაზე მარტივი უნდა იყოს იმ მეფისთვის, რომელსაც ყოველი ღირსებით შემკულს უწოდებენ, ამიტომაც იბადება კითხვა, თუ რამ წარმოშვა საქართველოს "ოქროს ჯაჭვში" მოქცევის აუცილებლობა. პასუხი კი დაკვირვებული მკითხველისთვის ფრიად მარტივი უნდა იყოს: "...ჩემი მეფობა ზე დავასრულე, რომ ძლივს იგინი გავიერთგულე! ... აი, მის ნაცვლად რაი მომაპყრეს ... როს ყმანი ჩემნი ურთიერთს ბძარვენ!...". რა შეიძლება ეწოდოს იმ გრძნობას, რომელიც უკნიდან ლახვარცემილის სიტყვებს განმსჭვალავს? იმედგაცრუება, სასოწარკვეთა, გულისტკივილი, დანანება თუ ყველა ერთად? ესაა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აპირებს ერეკლე რუსეთისთვის იმ პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომელსაც ქართველთა პატრონობა ჰქვია: მას ხომ სასტიკ თამაშს ეთამაშნენ ისინი, ვისაც ჩალად უღირთ თანამოძმეთა სისხლი. სულ რომ მაკედონელი იყოს იგი, ერთ მარტივ გამარჯვებასაც ვერ შეძლებს, სანამ ქართველი ქართველს ასე მოურიდებლად ყიდის.

მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეფეს სავსებით ლოგიკურად მიაჩნია გადაწყვეტილება, რომელმაც ქართულ რეალობაში ფრთები გეორგიევსკის ტრაქტატის სახელით შეისხა, მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს სოლონისა და სოფიოს სახით. "ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს არად მიაჩნით უბედურება, თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება!" ერთ-ერთი უძლიერესი არგუმენტია, რომლითაც სოლონი საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეს ასაბუთებს. ხოლო "...სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს..." კიდევ უფრო მართლად ნათქვამია 21-ე საუკუნის გადმოსახედიდან: რუსეთისთვის ხომ განურჩეველია რელიგია თუ სისხლით ნათესაობა, მის სამსხვერპლო ეშაფოტზე ერთნაირად მოხვდება ქრისტიანი თუ არაქრისტიანი, მაგრამ ვაი, რომ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო მეცხრამეტე საუკუნეში, მაშინ, როცა ერთადერთ იმედად ჩვენი ჩრდილოკავკასიელი მეზობელი გვესახებოდა...


სოლონი დაუოკებლად ცდილობს დაანახოს მეფეს ის სიმართლე, რომელიც მისთვის უზადოა, მაგრამ ამაოდ, რადგან ერეკლეს სწორედაც რომ გამოტანილი აქვს ის საბოლოო ვერდიქტი, რომელიც სოფიოსთვისაც აღმაშფოთებელია: "...უცხოობაში რაა სიამე, სადაცა ვერ ვის იკარებს სული და არს უთვისო დაობლებული?...". ამ პოზიციით სოფიო ნიკოლოზ ბარათაშვილის ქალურ ეტალონად იქცევა და სავარაუდოცაა, რომ მწერლის პოზიცია ამ "სანეტარო ქალის" მონოლოგში უნდა ვეძიოთ: რა დგას ნიკოლოზ ბარათაშვილთან ყველაზე ახლოს, თუ არა სულიერი სიმარტოვის, მიუსაფრობისა და უთვისტომობის, ობლობის განცდა? ის, რაც ერეკლემ დათესა და ნიკოლოზის მსგავსებმა მოიმკეს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."