Главная > მარიკოს ბლოგი > დინაზე უნდა დაგელაპარაკოთ

დინაზე უნდა დაგელაპარაკოთ


18-11-2021, 16:38. Разместил: mariko

დღეს 18 ნოემბერია, 2021 წელი, უკვე  მერამდენედ ავსქროლე სოციალური ქსელის ნიუს ფიდი, დინას გვერდი ფეისბუქში სავსეა მილოცვებით, სავსეა და თან ისე უღმერთოდ ცარიელი.

დღეს დინაზე უნდა დაგელაპარაკოთ. .

მარიკო წიქორიძე, ბოლნისი

2010 წელს, აპრილში, ვულკანი, რომ ამოიფრქვა ისლანდიაში და კატინთან კაჩენსკის თვითმფრინავი ჩამოვარდა  მე და დინა, დანარჩენებთან ერთად, კიშინოვში, ქართულ-ოსური დიალოგის მრგვალ მაგიდას ვუსხედით და ვბჭობდით .

ვბჭობდით ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, კონფლიქტის მოგვარების გზებზე, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ თემებზე.

აგვისტოს ომი ჯერ კიდევ ცხელი განხილვის თემა იყო.  მრგვალი მაგის ირგვლივ მსხდომთ, ყოველ წინადადებაზე უხილავი კვამლი ამოგვდიოდა თავებიდან. ვყვებოდით და ყვებოდნენ, გვედავებოდნენ და ვედავებოდით. გვიყენებდნენ ბრალდებებს, ზოგს ჭორს და ზოგსაც მართალს. ვუსმენდით და გვისმენდნენ.

დარბაზში ერთ წუთში ქრებოდა ჰაერი და მთელს კიშინოვში, 10 გრადუსიან სიცივეში, მხოლოდ ამ ოფისის, ცისფერ დარაბებიანი ფანბჯრები იყო  ფართოდ მოღებული.

დინამ მესამე სასესიო დღეს სათვალე მოიხსნა. თბილი, ხაკისფერი პლედი ბეჭებზე მოიგდო და სამ დღიანი დიალოგის პროცესის შემდე,გ, პირველად თქვა :

 - ,,მადლობა, რომ ჩამოხვედით და გვისმენთ,  ჩვენ კიდევ ძალიან  ბეეევრი უნდა ვისაუბროთ, იქამდე ვიდრე, ღიმილზე არ გადავალთ“. . .

მოსწონდა ჩემი დიიდი ქარვის თვლიანი ბეჭედი, ხან ერთ თითზე მოირგებდა, ხან მეორეზე: ,,გულსაბნევს უხდებაო -ამბობდა და მყისიერად გადავიდოდა თვალის კონტურულ მაკიაჟზე, მასზეც აუცილებლად გააკეთებდა კომენტარს. მერე პატარა სიმებიან კლტჩს გახსნიდა, იქიდან ბორდოსფერ ტუჩის საცხს ამოიღებდა, ნაზად გადაისვამდა ტუჩზე, და თან დააყოლებდა: - ,,Done”.

 10 დღეში მივხვდი, რომ ორივე -ბეჭედიც და კონტურის ფანქარიც მას უფრო უხდებოდა და  საჩუქრად გავატანე ცხინვალში.

მას შემდეგ, აღარც შევხვედრილვართ, თუმცა ვწერდი და მწერდა,  ვკითხულობდი და მკითხულობდა, ხან ის იყო პირველი და ხან მე .

ტექსტის მოწერას ყოველთვის ერთი და იგივე წინადადებით იწყებდა

- Dear Friend . . . .

და აგრძელებდა:  ,,70 წლის მოხუცს სიმსივნე აქვს, ხომ ვერ გაგვირკვევ, რომელ კლინიკაში შეიძლება გადმოყვანა“. . . .?

ან -,,ჩემს მეგობარს დედა საქართველოში ჰყავს, ცოტა ხნის წინ ინსულტი განუვითარდა და ვერ იგებს, როგორ მიაწვდინოს გზავნილი“. . . .

ასეთი იყო ბევრი. . .

წერდა და ეხმარებოდა, არკვევდა და ვარკვევდი, ვაკავშრებდი და მაკავშირებდა მათ, ვისთვისაც მცირედი დახმარების გაწევა მაინც შემეძლო აქედან იქ.

იქიდან აქამდე კი, ის იყო ხიდი და ბევრისთვის ალბად  ერთადერთი.

2020 წლის მარტში, მთელს მსოფლიოში კოვიდის შიზოფრენია, რომ დაიწყო უხანის ბედი მალევე ბოლნისმა გაიზიარა. ჩემი გაჯეტი დატვირთვას ვეღარ უძლებდა. ყველას ჩაკეტილი ქალაქის ამბები აინტერესებდა. არც დინას დავვიწყებივარ.

დილის 5 საათზე ჩვეული ტექსტის პირველი წინადადება მომწერა

-Dear Friend . . . .

გამამხნევა და მითხრა ;,,მთელი მსოფლიო ახლა ორ ქალაქს აკვირდება უხანს და ბოლნისს, დაიწყე დღიურების წერა,“- ტექსტს გულები მოაყოლა და გააგრძელა. ..

-,,6 თვის ბავშვს გულის ოპერაცია სჭირდება, დედა ჩვენი დიალოგის მონაწილეა,  შეგიძლია გაგვირკვიო,  რომელი კლინიკა აკეთებს მსგავს ოპერაციებს -იაშვილი თუ ჟვანია?“ , - თქვა და გავიდა.

კოვიდის პირობებში ორმაგად რთული იყო, თუმცა ყველა დეტალი გავარკვიეთ , კლინიკაც, სასტუმროც,  საჭირო საბუთებიც, საზღვრის კვეთის პროცედურებიც და ოპერაციის დროც.

ბავშვი გამოჯანმრთელდა და მასთან ერთად, გამოჯანმრთელდა საქართველოში დინას წყალობით გადმოყვანილი ბევრი კოვიდ ინფიცირებულიც.

ყველა გადარჩა - დინა არა.

2021 წლის 3 ივლის  ,,უხილავი ხიდი“ სახელად ,,დინა“  ჩატყდა.

ხიდი, რომელიც  ბევრისთვის  იყო ერთადერთი აქედან იქამდე  გასავლელად და ხშირად ერთი ხმა, იქიდან აქ მოსაწვდენად, სმა , რომელიც კოვიდ-19 - მა  დაახშო..

ჩატყდა ხიდი და  მას შემდეგ, აღარც არავინ მწერს: -,, Dear Friend. . . .“

დღეს დინას დაბადების დღეა და მინდოდა დინაზე მელაპარაკა . . . . .


Вернуться назад