,,კევინზე მინდა დაგელაპარაკო" -წიგნი, როგორც ცხოვრების მასტერკლასის ფორმულა

ნანახია: 1 040
სრული ინფორმაცია

"და, მართალია, ამბავს თავიდან იწყებენ ხოლმე, მე უფრო შორეული წარსულით უნდა დავიწყო, რადგან ზოგი ამბის დასასრული მის დაწყებამდეა განსაზღვრული."

სალომე აბულაძე / ბოლნისი

არ ვიცი, ის რამდენად იყო განსაზღვრული, რომ ამ წიგნს ჩემი ბიბლიოთეკის საპატიო ადგილი უნდა სჭეროდა, თუმცა, ლიტერატურულმა შედევრმა, რომლის დასაწყისიც ამბივალენტურ ემოციებს განმაცდევინებს - ბუნდოვნების და სრული მკაფიოობის შეგრძნებას - ჩემი არც თუ ისე დალაგებული ფსიქოლოგია თავდაყირა დააყენა.

ამიტომ, ბევრი არც მიფიქრია, გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ლაიონელ შრაივერის წერილების სერიის სახით გამოცემული ნოველა, სახელწოდებით - "კევინზე უნდა დაგელაპარაკო" , ხოდა მინდა იმ კევინზე გელაპარაკოთ, რომლის მიერ ჩადენილ სისასტიკესაც თავიდანვე გვამცნობს წიგნი: დის, მამისა და თანასკოლელების მკვლელობას.



მაშ, ჩნდება კითხვა, რატომაა ღირებული ამ ნამუშევრის გაცნობა, მაშინ, როცა ყველაფერია გაცხადებული; მისი ჩვენს ნაწილად ქცევა; გულგრილად, დიდი სიმსუბუქით მოყოლილი, დრამატიზმს მოკლებული ისტორია რატომ ხდება ჩვენი სენტიმენტალიზმის საგანი? რატომ გვიწევს ვდარდობდეთ, ვშიშობდეთ, ვოცდებოდეთ... საიდან ამდენი ემოცია?

ლაიონელ შრაივერის ეს გახმაურებული ნოველა ხშირი მსჯელობის საგანია. ის არ წარმოადგენს რიგით წიგნს რიგით დამნაშვეზე; აქ არც ის აგრესიაა აღწერილი, რომელიც ასევე აგრესიამ შვა, რაც განაპირობებს კიდევაც ფაქტს, რომ იგი ტრივიალურობისგან შორს დგას.

ეს წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე მარცხენა ფეხზე ამდგარი მელანქოლიკი, რადიკალი ბიჭის დანაშაული და ციხე. თუ დავფიქრდებით, ლოგიკას სულაც არ ექვემდებარება მთავარი გმირის - კევინის მიმართ სიმპათიაც და ანტიპათიაც, თუმცა მანამ ვერ გაიგებთ ამ ამბივალენტური ემოციების მიზეზს, სანამ წიგნს არ გაეცნობით... არ გეგონოთ, რომ მას მხოლოდ ერთი სიუჟეტური ხაზი აქვს, რომელიც დანაშაულსა და მის მოტივზე გადის. ნამდვილად არა, ეს მთელი ისტორიაა, რომელიც კევინის, იმ ბიჭის ჩასახვის დღიდან იწყებს გამოაშკარავებას, რომელსაც "უბრალოდ არ უნდოდა ამქვეყნად ყოფნა".



კევინის ფენომენი იმ უსამართლობებს ხდის ფარდას, რომელიც არ უნდა ხდებოდეს: მასობრივი ჟლეტვები სკოლებსა თუ კოლეჯებში - ცივსისხლიანობის გამოვლენის ერთ-ერთი სახე; მოხუცების ფატვრა, რომელიც ადამიანების თავისუფალ ნებასთან ასოცირდება; მაგრამ ყველაზე დიდი სისასტიკე შეუმჩნეველია: ეს ის სასოწარკვეთილებაა, რომელიც მძვინვარების შრეების ქვეშ იმალება და მას მალავს კევინი - "ბიჭი, რომელიც კი არ ბრაზობს, არამედ დარდობს".

თითქოს, მან დაბადებიდანვე იყნოსა გარემო, რომელში ყოფნაც მისთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა; გარემო, სადაც უბრალოდ საჭიროა გეგმიდან მოქმედებაზე გადასვლა, თუგინდ, ისეთი დანაშულის ჩადენა, რომელიც მომავლის პერსპექტივას გიკარგავს - თუმცა რა აზრი აქვს იმის დაკარგვას, რაც არც არასდროს გქონია?! - სამაგიეროდ კი აინტერესებს დიდ მასებს, ცნობისმოყვარე ხალხს, და გამშუქებელ მედიას - სკანდალის მიერ ენთუზიასტი გონების დაკმაყოფილება ხომ უძლიერესი ვნებაა, თითქოს, კევინში ცუდი ყოველთვის ლამობდა კარგის ჩახშობას: ბიჭი, რომელიც პირს მხოლოდ რაიმე გესლიანი დიატრიბას სათქმელად აღებდა, რომელიც ავსული სატანის ხორცშესხმად ევლინება დედას, ჩვენ აღგვიძრავს თანაგრძნობის სურვილს - თითქოს მკითხველის კალთაზე უნდა ჰპოვოს მან შვება - ის, რაც ვერ ჰპოვა დედის კალთაზე.



ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც დაფიქრებას გაიძულებთ და სუნთქვაშეკრულს გამყოფებთ კითხვის პროცესში, ყოველი თავის ბოლოს წარმოშობს კითხვას: რატომ? ეს ერთგვარი თამაშია უკიდურეს პესიმიზმსა და ასევე უკიდურეს ოპტიმიზმს შორის - "მძღოლიდან ტრანსპორტად ქცეული" დედის მუცელში დაწყებული კონფლიქტი; წინასწარი განწყობა, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ლოგიკურ განვითარებას აჯობოს; ილუზიები, რომელთა საშუალებითაც ვხედავთ იმას, რაც გვსურს, რომ დავინახოთ და არა იმას, რაც რეალობას შეესაბამება;


მომავლის იმედით შემოსილი გულგრილობა, დახუჭული თვალები და უნდობლობა, რომელიც ურთიერთობას ანგრევს და ბოლოს - შედეგი, რომელიც ფატალურია. ლაიონელ შრაივერის რომანი, არის იარაღი წიგნის სახით, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებს, მათ შორის, იმ ერთი შეხედვით პატარა წვრილმანებზე, რომლებიც გრანდიოზული დანაშაულის წინაპირობა ხდება, თუმცა მთავარი კულმინაცია მკვლელობის მომენტი კი არა, მთელი წიგნია;


მთავარი მოვლენა დანაშაული კი არა, კევინია - ბიჭი, რომლის ისტორიაც ზოგისთვის შეიძლება უაზრო იყოს, ზოგისთვის კი ყველაზე დიდი აზრის მატარებელი. მწერლის ოსტატობა, ემპათიით განიმსჭვალოთ ყველასთვის საძულველი პერსონაჟის - ერთდროულად მოძალადის და მსხვერპლის - უარყოფილი კევინის მიმართ, რომლის ტრიუმფსაც სხვებისთვის სიცოცხლის გამოსალმება წარმოადგენს, უზადოა.


დაიმახსოვრეთ ერმა ბომბეკის სიტყვები, რომლებიც ეპიგრაფად უძღვის ლაიონელ შრაივერის საზოგადოდ და ჩემს გონებაში გახმაურებულ წიგნს: - "ბავშვს თქვენი სიყვარული ყველაზე მეტად სწორედ მაშინ სჭირდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს",- დაფიქრდით იმ პროვოკაციულ საკითხებზე, რომლებიც ავტორს უნიკალური გზით აქვს გადმოცემული, დაიხსომეთ წიგნში მოპოვებული სამასწავლებლო ციტატები და ეცადეთ თავად გასცეთ, საკუთარი ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ბევრისთვის კვლავ პასუხგაუცემელია


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."