მრავალფეროვანი საქართველო ტოლერანტული მენტალობის ქვეშ

ნანახია: 678
სრული ინფორმაცია

სალომე აბულაძე
ბოლნისი

საქართველოს ტოლერანტული ანუ შემწყნარებელი ქვეყნის ტიტული გააჩნია. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის ეპოქაში მშვიდობიან თანამოსახლეობას სწევდნენ ყივჩაღები ჩვენსავე ქვეყანაში.

მულტიკულტურალიზმი სწორედ რომ ქვეყნის სავიზიტო ბარათია. თბილი, ამაყი, სულგრძელი, კულტურული, სტუმართმოყვარე, მხიარული ერი კი ქვეყნის დიდი საგანძური. თუმცა, ეს სტატუსი არ ყოფილა გარანტი იმისა, რომ ქართველი უთუოდ შეძლებდა მშვიდობიანი კამპანია გაეწია სხვა ეროვნების თუ რელიგიის წარმომადგენლისთვის.

ამ მიზეზების მრავალფეროვნება კი თავგზას აგიბნევთ. და მაინც, რატომ უნდა გამოიჩინო სიძულვილი იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც განსხვავებული კანის ფერი აქვს? ან განსხვავებულ რელიგიას მისდევს, თუგინდ, შენთვის ბუნდოვან დოქტრინას იცავდეს?

მრავალფეროვანი საქართველო ტოლერანტული მენტალობის ქვეშ

XXI საუკუნე მიიჩნევა პროგრესული თაობების ხანად, მაგრამ სწორედ ამ დროში, ისევ და ისევ, ამოუხსნელია უცხოს ფენომენი და შიში, დემოგრაფიული საფრთხის ფობია, რომელიც ქართველებს გააჩნიათ მაშინ, როცა ჩვენც კი ვხდებით უცხო ქვეყნის მიგრანტები უმცირესი შესაძლებლობის გამოჩენისთანავე.

აქტუალობას არ კარგავს ქართველობის დაკარგვის შიში, რომ უცხოეროვანთან ინტეგრაცია, კონსოლიდაცია სათავე იქნება ქრისტიანობის თუ ქართველთა ძირითადი პრინციპების შებღალვის.

მაგალითად, პატრიოტიზმით განმსჭვალული, მით უმეტეს, ასაკოვანი ქართველისთვის სრულიად მიუღებელია ფერადკანიან ადამიანთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, რადგან მას თავისზე დაბლა მდგომი რასის წარმომადგენლად მიიჩნევს.

თუ გასული წლების არქივში ჩავიხედავთ და ვენდობით ტელეკომპანია ,,იმედის" მიერ 2018 წელს მომზადებულ რეპორტაჟს, ნიგერიელმა წარმოშობის სტუდენტებმა, რომლებიც საქართველოში სწავლობდნენ, თქვეს რომ ქვეყანაში ბევრი კარგი და გულისხმიერი ადამიანი გაიცნეს, მაგრამ სამწუხაროდ გაიცნეს ისეთებიც, რომლებსაც უბრალოდ უნდა გაერიდო, რადგან როგორც ყვებიან, თუ საკუთარი უფლებების დაცვა გადაწყვიტე, მოძალადე შეიძლება სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ დასჯერდეს და ფიზიკურადაც გაგისწორდეს.

ამის გამოა, რომ აღარც კი იცავენ საკუთარ უფლებებს და, უბრალოდ, ერიდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტაქსი, გარშემო ყველა იცინის, გამყიდველები კი პროდუქტს არ აძლევენ. რეპორტაჟს დავუბრუნდები და ერთ-ერთი ნიგერიელი გოგო იმასაც ამბობს, რომ სექსუალურად ავიწროებენ, ფულს სთავაზობენ, ხელების ფათურსაც კი უწყებენ.

ცალკე საკითხია სამართალდამცავთა ეფექტური პასუხი მსგავს კანონდარღვევაზე. ხშირად არც ხდება საპასუხო რეაქცია, რადგანაც ყოველთვის უცხოელი აღიქმება ბუნტის მოთავედ. ანალოგიურია სკოლებშიც. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ აგრესორის ტიტულს უმრავლეს შემთხვევაში ეთნიკურად აზერბაიჯანელს ანიჭებენ მისი მშობლიური ეროვნების, ჰეგემონური წარსულის გამო, რაც შემდეგ უსამართლო მოპყრობას განაპირობებს.

მართალიცაა, როცა განყენებული ხარ საზოგადოებისგან და თავს ვერ იმკვიდრებ, რა გასაკვირია, რომ წყენა თუ ბოღმა ძალადობრივი გზით გამოხატო? ისეთ რელიგიურ უმცირესობებზე საუბრისას, როგორიცაა მუსლიმები.

ნებისმიერი ჩვენგანი გვერდს ვერ აუვლის ნაადრევ ქორწინებას. ამ მოვლენას უთუოდ მათ (აზერბაიჯანულ თემს) უკავშირებენ მაშინ, როცა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში არსებული კვლევების თანახმად, ყველაზე მეტად თბილისში ჭარბობს არასრულწლოვან დედათა რიცხვი, რაც ხაზს უსვამს არასრულწლოვან ქართველთა შორის სოლიდური რაოდენობის ქორწინებას.

სტერეოტიპული დამოკიდებულებით ვეგებებით იმ ადამიანებსაც, რომლებსაც თვალების გარდა სხეულის ყველა ნაწილი ნაჭრით დაუფარავთ, ისინი შიშს აღგვიძრავენ და ცივსისხლიან ტერორისტებთან ასოცირდებიან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანის თვალში, რაზეც მოწმობს სხვების მიერ ჩემს თვალწინ გაკეთებული კომენტარები: "მეშინია ამათ რომ ვუყურებ, ტერორისტებს გვანან"...

მასობრივი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა აზერბაიჯანული თემის მოქალაქეები კორონა ვირუსის პანდემიის დროს. ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა ქართველ მოსახლეობას მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება განემტკიცებინა. კლასტერების მთელი რიგის წარმოქმნამ აზერბაიჯანელთა მხრიდან სათავე დაუდო ამ ქვეყნის თითოეული წარმომადგენლის მიმართ უდიერ მოპყრობას, რამაც კიდევ უფრო გააღვივა შუღლი ამ ორ თემს შორის, გამოხმაურება ჰპოვა რა სოციალურ ქსელში.

მაგალითის მოსაყვანად ბოლნისის სოფელ მუშევანის ფაქტიც კმარა.  მას შემდეგ, რაც ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ მუშევანში მცხოვრებ იმ კოვიდ ინფიცირებულებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც არ ემხრობოდნენ საავადმყოფოში გადაყვანას, იგი დადანაშაულებული იქნა ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და ძალადობისკენ მოწოდებაში. თავად აბაშიძის კომენტარი კი იყო შემდეგი: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ... არ ემორჩილებიან სახელმწიფო კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ ამ სივრცეში"... ასე რომ, ლოგიკურია, როცა დისკრიმინაციის შემცველი ყოველი ქმედება, უმცირესობებისკენ მიმართული, სათავეა საპასუხო რეაქციისა უმცირესობების მხრიდან - იმ სარკაზმისა, რომელსაც სეპარატიზმის ელფერი ადევს.

თუმცა, ეთნიკური უმცირესობების თუ განსხვავებული რელიგიის მიმართ ანტიპათია გლობალური პრობლემაა, რასაც მოწმობს, მაგალითად, ამერიკაში გამართული მთელი რიგი აქციები, სადაც გაშმაგებით იცავენ მუქკანიანთა უფლებებს სახელწოდებით "black lives matter", ამიტომაც უდავოა, რომ უფრო სერიოზულ მიდგომას საჭიროებს ეს პრობლემა და მისი მოგვარების გზებიც უფრო ღრმა ძიების საგანია. 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."