,,თოჯინებით ვთამაშობდი, როცა მშობიარობა დამეწყო"- ერთ წინადადებაში ნათქვამი ცხოვრება. სალომე აბულაძის ბლოგი

ნანახია: 926
სრული ინფორმაცია

ერნესტს უთხრეს: ერთ წინადადებიანი წიგნი დაწერეო. დღეს ის ამ წინადადებას დაასახელებდა: ,,თოჯინებით ვთამაშობდი, როცა მშობიარობა დამეწყო".

სალომე აბულაძე
ბოლნისი

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით, ბავშვადაა წოდებული ნებისმიერი პირი 18 წლამდე. ერთხმად ვაღიაროთ, რომ ეს პერიოდი ყველაზე მოწყვლადია ადამიანის განვითარების გზაზე და ერთგვარ ფუნდამენტურ ეტაპადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც მომავალი „მე“-ს, საკუთარო პიროვნების წარმოქმნაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ცხოვრების ამ ნაწილში ადამიანის სენსიტიურობა თუ მგრძნობიარობა ზენიტს აღწევს, შესაბამისად, ნებისმიერმა არაადეკვატურმა მიდგომამ, „მკაცრად“ თუ „შეუწყალებლად“ მიჩნეულმა სამყარომ, შესაძლებელია, დაღი დაასვას მის მსოფლმხედველობას, რაც რეალიზებას ქცევებსა და ქმედებებში ჰპოვებს.

სწორედ ამიტომაც, ბავშვობაში ძალადობრივ ატმოსფერო/გარემოში ყოფნა მთელ მომავალ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, და არამარტო, ახდენს გავლენას.

ზოგადად, ძალადობის დეფინიცია გულისხმობს განზრახ გამიზნულ სიტყვებსა თუ ქმედებებს, რომელთა მიზანიც სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დამცირება ან მათთვის ტკივილის მიყენებაა.

ხშირად, ძალადობრივი მიდგომისას გააზრებულად არ ხდება ის მოსალოდნელი ფატალური შედეგები, რომლებსაც ბოლოს ვღებულობთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არც ერთი ასაკის ადამიანის მიმართ არ უნდა იყოს ჩადენილი და კანონით ერთნაირად უნდა ისჯებოდეს, მეტად ყურადსაღები მაინც მოწყვლადი, 18 წლამდე ასაკია, რა დროსაც ბავშვის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებს, მთელი რიგი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია მოზარდის განვითარების პროცესში.

თუ რეალობას თვალებში ჩავხედავთ, დავინახავთ თუ რაოდენ ხშირია ბავშების მიმართ ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ემოციური ძალადობა. ამის უამრავი ცოცხალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც სამოსწავლო იქნება, თუ რა შეუძლია ძალადობამ გამოიწვიოს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი პრევენცირება.

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანის გულს ეხება და ძრავს მას მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მომხდარი საზარელი ძალადობის ფაქტები, განხორციელებული უილიამ სტენლი (ბილი) მილიგანზე. გარდა იმისა, რომ ბილის მძიმე ბავშობა მამის თვითმკვლელობას მიეწერება, დიდი გავლენა იქონია მისი უიშვიათესი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაზე მამინაცვლის მიერ განხორციელებულმა ფიზიკურმა, ფსიქიკურმა თუ სექსუალურმა ძალადობამ, სულ რაღაც 8-9 წლის ასაკში:

„მამინაცვალი ბილიზე სექსუალურად ძალადობდა და ემუქრებოდა, რომ, თუ დედას ეტყოდა, ცოცხლად დამარხავდა...” რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს, დენიელ კიზის რომანში აღწერილი ეს ფაქტები, იგი რეალობის ზუსტი ასლია, შედეგად კი ბილი 24 პიროვნებად გაიხლიჩა, რამაც მთელი რიგი პრობლემები მოუტანა ცხოვრებაში და საჭირო გახდა ფსიქოლოგთა მთელი გუნდის ჩარევა.

ასევე მძიმეა საქართველოში ბოლო დღეებში არსებული სურათი. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის გოგონა აჩენს ბავშვს, რაზე რეაგირებაც ერთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ხაზი ესმება რა დრამატულ სურათს, თუ როგორ უგულებელყოფილია ბავშვების უფლებები, არ აღიქმებიან ამ საზოგადოების ნაწილად, როგორც ფაქიზნი და განსაკუთრებული ყურადღების ღირსნი.

არ შემიძლია გონების კარნახს არ მივსდიო და კიდევ ერთი ლიტერატურული ნაწარმოები არ მოვიშველიო, სადაც ასევე საინტერესოდაა აღწერილი ტობიას ვულფის ცხოვრება ამავე პიროვნების ავტობიოგრაფიულ წიგნში „ამ ბიჭის ცხოვრება, რომლის გახმაურებული ეკრანიზაციაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა აგრესიის გამოწვევა შეუძლია თავად აგრესიას, რამდენად შეუძლია სულის დამახინჯება ძალადობრივ მიდგომას და ავტორიტარიზმს.


თუმცა, ყველა ძალადობრივი ინციდენტი, ბავშვების მიმართ განხორციელებული, ისე იმედისმომცემად არ სრულდება, როგორც ამ წიგნში.
ასე რომ, ვფიქრობ მეტი ყურადღება და ძალისხმევა სჭირდება ძალადობის პრევენციას ვინაიდან ცოცხალი მაგალითების საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალადობა ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც მოზარდი, და არამარტო, შეუძლია პოტენციური თვითმკვლელი გახადოს, და დაუმახინჯოს ადამიანური განვითარების გზა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."