ბაიდენმა ტრანსგენდერი ადამიანების ჯარში მსახურობის აკრძალვა გააუქმა

ნანახია: 554
სრული ინფორმაცია

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ტრანსგენდერ ამერიკელებს სამხედრო სამსახურს უკრძალავდა
.

"ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეები გენდერული იდენტობის საფუძველზე გათავისუფლების ან განცალკევების შესაძლებლობის წინაშე აღარ დადგებიან". – განაცხადეს თეთრ სახლში.

თავდაცვის დეპარტამენტის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, არასამთავრობო ჯგუფი Palm Center-ის ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს ამერიკის სამხედრო ძალებში 8 980 ტრანსგენდერი ადამიანი მსახურობდა.

"პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ გენდერული იდენტობა არ უნდა იყოს ხელისშემშლელი სამხედრო სამსახურისთვის, ხოლო ამერიკის ძალა მის მრავალფეროვნებაშია".  –ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მანამდე თავდაცვის ახალმა მდივანმა, ლოის ოსტინმა სენატში მისი მოსმენის დროს აღნიშნა, რომ ამ აკრძალვის გაუქმება საჭირო იყო. ოსტინის თანახმად, თუ ადამიანი აკმაყოფილებს სამხედრო ძალების სტანდარტებს, მაშინ მას მსახურობის საშუალება უნდა მიეცეს.

ტრანსგენდერი ადამიანების ჯარში მსახურობის აკრძალვის შესახებ დონალდ ტრამპმა 2017 წელს გამოაცხადა. აკრძალვა ძალაში 2019 წელს შევიდა. ტრანსგენდერი ადამიანებს, რომლებიც ამ დროისთვის ჯარში მსახურობდნენ, სამხედრო სამსახურის გაგრძელების საშუალება მიეცათ, თუმცა სამხედრო ძალები აღარ მიიღებდნენ ტრანსგენდერ ახალწვეულებს. 

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბაიდენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ აკრძალვის გაუქმებას გეგმავდა.

პრეზიდენტობის პირველივე კვირაში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის პოლიტიკის შესაცვლელად სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღო. აშშ არ დატოვებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და დაუბრუნდება პარიზის შეთანხმებას კლიმატზე. 

ბაიდენმა ასევე გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა აშშ-ს საზღვარზე, რომელიც შესაძლებელს ხდიდა, სპეციალური ფონდებიდან სახსრები სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის გამოეყენებინათ. ასევე გაუქმდა სამოგზაურო შეზღუდვა, რომელიც ტრამპმა მუსლიმური ქვეყნებიდან მომავალ პირებს დაუწესა.

პანდემიასთან ბრძოლის გასაძლიერებლად ბაიდენმა ათი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა და ტრამპის მიერ მოგზაურობაზე მოხსნილ აკრძალვებს აღადგენს.

წყარო: ტაბულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."