Главная > პოლიტიკა > ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა17-02-2021, 22:46. Разместил: mariko |
20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია. "აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით - პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ მელიას პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან", - განაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სწორედ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები კანონის განაწესებთან კონფლიქტში მოდის. პროკურორი განმარტავდა, რომ ბრალდებულმა შეგნებულად, წინასწარ განზრახულად არ შეასრულა გირაოს პირობები და არ გადაიხადა თანხა, რაც სათანადო ქცევასთან კონფლიქტში მოდის. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ ნიკა მელია საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო და ამასთან, მის მიმართ დაწესებული ყველა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაუქმებულიყო. ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა. Вернуться назад |