სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

ნანახია: 282
სრული ინფორმაცია

სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

თქვენ ხართ, ორი პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს, ერთად შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, „მოვა დრო, როცა ყველას მოუწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება“.

„ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც დამატებით ყველა სხვა პრობლემებთან ერთად, ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად გვევლინება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. რა გვითხრა ევროკავშირმა? - გვითხრა, რომ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიზებული მართლმსაჯულება და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. რა ვნახეთ გუშინ ჩვენ? - ჩვენ ვნახეთ, რომ მართულმა მოსამართლე არევაძემ, რომელმაც განაჩენი გამოუტანა მაგალითად, ჩემ თანაპარტიელებს - ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, გუშინ ასევე წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება გააჟღერა. ეს პრობლემა მარტო სააკაშვილის კონტექსტში კი არ არის, ეს აჩვენებს, მათ შორის, ევროკავშირს, რომ ქვეყანაში ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს. შეიძლება, არის ხალხი და ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი რაღაცაში დამნაშავეა, ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლოს გამოაქვს, მსოფლიოში, არავის ნდობით არ სარგებლობს. ამიტომ წერს დღეს მთელი მსოფლიოს პრესა და ყველა ევროპელი პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილის დაღუპვა ჩვენს ციხეში, გადაულახავი დაბრკოლება იქნება ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას, სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, თუ პოლიტიკოსის მიმართ, მოვა დრო, როცა ჩვენ ყველას მოგვიწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. შეგახსენებთ, შექსპირის ძალიან ცნობილ ტრაგიკომედიას ვენეციელ ვაჭარზე, როდესაც დაუოკებელი სურვილი, რომ ვიღაცას ფასი საკუთარი ხორცით გადაეხადა იმით დასრულდა, რომ მომთხოვნმა ყველაფერი დაკარგა. ასე დაკარგავს ყველაფერს ჩვენი სახელმწიფო, ყველაფერში ევროპულ მომავალს ვგულისხმობ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის ამ განცხადებას პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.

„მინდა სამადაშვილს სწრაფად ვუპასუხო, რომელმაც თქვა, თითქოს, 12 პუნქტის შესრულების შეფასების ანგარიში დაიდოო, ამბობენო. რა გითხრათ ქალბატონო სალომე, არანაირი 12 პუნქტის შესრულების ანგარიში არ დადებულა და ეს არც ჩვენ გვითქვამს. ტრადიციულ ფორმაში ხართ, თქვენვე იგონებთ ამბებს და თქვენ მოგონილ ამბებზე ბრაზდებით თქვენ თვითონ. ჩვენ არ გვითქვამს, რომ 12 პუნქტის შესრულების ანგარიში დაიდო, ამ წუთას თქვენ დაგვაბრალეთ, თითქოს, ჩვენ ვთქვით ასეთი რამ. რა ანგარიშიც დაიდო, თქვენ ძალიან კარგად იცით, ინგლისურადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, ქართულადაც. უბრალოდ, თქვენი პარტიის იდეოლოგია არ გაძლევთ საშუალებას, რომ ის ილაპარაკოთ, რაც საქართველოს წარმომადგენელ პოლიტიკოსს ევალება თავის ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ევროსასამართლოს დამოუკიდებლობაში თუ გეპარებათ ეჭვი, პირდაპირ თქვით, რადგან ეს ანტიევროპული განაცხადია და ლოგიკურიც იქნება, თქვენ საქმიანობასთან პირდაპირ შესაბამისობაში იქნება ასეთი განცხადება. ევროსასამართლომ თქვა ამ საქმეებზე, რომ სახელმწიფომ მაშინდელი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და დანაშაულებს დააფარა ხელიო. რომელ სასამართლოს არ ენდობით, ევროსასამართლოს არ ენდობით? მაშინ პირდაპირ თქვით!“ - მიმართა სალომე სამადაშვილს არჩილ თალაკვაძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."