Главная > სამართალი / სიახლეები > ბაია პატარაია - გამოკითხვაზე სათითაოდ ირჩეოდა ჩემი „ფეისბუქ-პოსტები“, ძალიან არასერიოზული იყო - კითხვები იყო ძირითადად იმაზე, რატომ ვწერ, რომ ადამიანებს გაფიცვის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება აქვთ

ბაია პატარაია - გამოკითხვაზე სათითაოდ ირჩეოდა ჩემი „ფეისბუქ-პოსტები“, ძალიან არასერიოზული იყო - კითხვები იყო ძირითადად იმაზე, რატომ ვწერ, რომ ადამიანებს გაფიცვის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება აქვთ


9-09-2025, 19:30. Разместил: mariko

ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას გამოკითხვა ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე დასრულდა.

პატარაია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა და როგორც მან განაცხადა, კითხვები ჰქონდათ მის სოციალურ ქსელში აქტივობასთან დაკავშირებით, მისი თქმით, გამოკითხვა „არასერიოზული“ იყო.

პატარაიას თქმით, ასევე, შეკითხვები ეხებოდა „საფარის“ საქმიანობას.

„სათითაოდ ირჩეოდა ჩემი „ფეისბუქ-პოსტები“. ისეთი პოსტები, როგორიც არის: „თავისუფლებამდე თუ გინდა მიხვიდე, რუსთაველი უნდა გაიარო“ - ამაში რას გულისხმობთო, ასეთ რაღაცებს მეკითხებოდნენ. ჩემი აზრით, იყო ძალიან არასერიოზული და მგონია, რომ ეს არის პროკურატურის, სასამართლოს, ჩემი დროის მოცდენა. კითხვები იყო ძირითადად იმაზე, რომ რატომ ვწერ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს გაფიცვის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება აქვთ.

აინტერესებდათ „საფარის“ საქმიანობა. დეტალურად მომაყოლეს, როგორი პროექტები გვაქვს, რას ვაკეთებთ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე და საიტზე ისედაც დევს, ვინმეს თუ აინტერესებს, შეუძლია გაეცნოს. ფინანსებზეც მკითხეს, რომელიც ახლა დაყადაღებული და გაყინულია. ვუთხარი, რომ თქვენ გაყინეთ და ყველაფერი გაქვთ, ნანახი გაქვთ და ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით და ისედაც იცით ყველაფერი... ხო, ვიცითო. დაკარგული საათ-ნახევარი იყო და გამოკითხვა გინდ ჩატარებულიყო და გინდ არ ჩატარებულიყო, ამით აბსოლუტურად არაფერი შეიცვალა. ვერც მე მივიღე ვერანაირი ახალი ინფორმაცია, დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მათ“, - განაცხადა გამოკითხვის შემდეგ პატარაიამ.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.


Вернуться назад