სრული ინფორმაცია
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიპატიჟებას იღებს და ორბელიანის სასახლეში დღეს დაგეგმილ სადილზე მისვლის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
როგორც პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, „გახარია საქართველოსთვის“ გეგმებში არაფერი შეცვლილა.
„პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივდივართ, არაფერი შეცვლილა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის მოწვევის შესაბამისად“, - განაცხადეს პარტიაში.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მასსა და გიორგი გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა უნდა შედგეს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას შეხვედრის სურვილით პირადი შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. აღნიშნულის შესაბამისად, „ლელოში“ აცხადებენ, რომ პრეზიდენტს სადილზე დღეს აღარ ეწვევიან.
როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში მიიწვია. პრეზიდენტი ორივე პარტიის ლიდერებს სადილზე დღეს, 15:00 საათზე ელოდება.
წყარო: IPN