Главная > ბოლნისი / კულტურა > ხვალ ბოლნისის კინოთეატრი კინოჩვენებაზე გეპატიჟებათ

ხვალ ბოლნისის კინოთეატრი კინოჩვენებაზე გეპატიჟებათ


12-06-2021, 13:19. Разместил: mariko

13 ივნისს, კვირას, ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერი ჩვენებების ფარგლებში, გიგა ლიკლიკაძის ფილმის “ღორის” ჩვენება გაიმართება.

 რამდენიმე წლის წინ ბოლნისელებმა უკვე გაყიდული, უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრის შენობა უკან დაიბრუნეს და ახლა ცდილობენ თავისი პატარა ქალაქის დიდ ეკრანზე, რომელიც 2 ათეულზე მეტი წლის წინ ჩაქრა, კინო დააბრუნონ.
წლების შემდეგ, მხატვრული ფილმის საჩვენებლად მაყურებლისთვის პირველად გაიღება ბოლნისის კინოთეატრი.

 “ღორი” გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

 ფილმს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, რომელიც რეჟისორმა საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინა და მოგვითხრობს უცხო სოფელში, მძევლად აყვანილ ახალგაზრდა ბიჭზე, რომლის გამოსასყიდად გამტაცებლები ოჯახს 300 ლარს სთხოვენ. ოჯახი 300 ლარს ვერ შოულობს და სანაცვლოდ, გამტაცებლებს ერთ ღორს შესთავაზებს.
“საოცარი მინიმალიზმითა და ნატურალისტურად გამოსახული ქართული რეალობა, სადაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ერთი ცოცხალი ღორის ფასი, 300 ლარი ღირს.”

„ღორი“ წარმოუდგენელი დახვეწილობითა და თავდაჯერებული ზომიერებით აერთიანებს პოეტურობასა და ერთი შეხედვით საპირისპირო, ვულგარულ და ხისტ ენობრივ მხარეს.”
”ღორი“ ქართული ფილმია, პირველ რიგში, ქართველივე მაყურებლისთვის გადაღებული.”

 ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერ ჩვენებას დაესწრება რეჟისორიც. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელს ექნება მასთან შეხვედრისა და შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა.

 კინოთეატრი გააგრძელებს მხარდამჭერ კინოჩვენებებს და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ბევრ ქართველ რეჟისორს ვუმასპინძლებთ ბოლნისში. ამით გვეხმარებით, რომ ძველი, მიტოვებული კინოს შენობა, მოქმედ კინოთეატრად გადავაქციოთ.

წყარო: ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად


Вернуться назад