Главная > ბოლნისი / გარემოს დაცვა > ბოლნისის მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციირებით, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა

ბოლნისის მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციირებით, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა


16-02-2024, 16:39. Разместил: mariko

დღეს ბოლნისის მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციირებით, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ ცნობიერების ამაღლების მესამე ფორუმი ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი კანონის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე.

ფორუმს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ბუბა გობეჯიშვილი, ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, საქართველოს პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმი გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ შეხვედრის მონაწილეებს წყლის რესურსების მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება და კანონიდან გამომდინარე სიახლეები გააცნო. ასევე ისაუბრა კანონის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

აღნიშნული კანონი თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. მისი მიზანი წყლის რესურსების დაცვა, წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესება და წყლის სააუზო მართვის სისტემის შემოღებაა. გარდა ამისა, ახალი კანონი ხელს შეუწყობს მთელი ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების სამართლიან განაწილებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროცესს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარებასთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“.


Вернуться назад