Главная > სალომეს ბლოგი > ,,კევინზე მინდა დაგელაპარაკო" -წიგნი, როგორც ცხოვრების მასტერკლასის ფორმულა
,,კევინზე მინდა დაგელაპარაკო" -წიგნი, როგორც ცხოვრების მასტერკლასის ფორმულა3-06-2021, 14:55. Разместил: mariko |
"და, მართალია, ამბავს თავიდან იწყებენ ხოლმე, მე უფრო შორეული წარსულით უნდა დავიწყო, რადგან ზოგი ამბის დასასრული მის დაწყებამდეა განსაზღვრული." კევინის ფენომენი იმ უსამართლობებს ხდის ფარდას, რომელიც არ უნდა ხდებოდეს: მასობრივი ჟლეტვები სკოლებსა თუ კოლეჯებში - ცივსისხლიანობის გამოვლენის ერთ-ერთი სახე; მოხუცების ფატვრა, რომელიც ადამიანების თავისუფალ ნებასთან ასოცირდება; მაგრამ ყველაზე დიდი სისასტიკე შეუმჩნეველია: ეს ის სასოწარკვეთილებაა, რომელიც მძვინვარების შრეების ქვეშ იმალება და მას მალავს კევინი - "ბიჭი, რომელიც კი არ ბრაზობს, არამედ დარდობს". თითქოს, მან დაბადებიდანვე იყნოსა გარემო, რომელში ყოფნაც მისთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა; გარემო, სადაც უბრალოდ საჭიროა გეგმიდან მოქმედებაზე გადასვლა, თუგინდ, ისეთი დანაშულის ჩადენა, რომელიც მომავლის პერსპექტივას გიკარგავს - თუმცა რა აზრი აქვს იმის დაკარგვას, რაც არც არასდროს გქონია?! - სამაგიეროდ კი აინტერესებს დიდ მასებს, ცნობისმოყვარე ხალხს, და გამშუქებელ მედიას - სკანდალის მიერ ენთუზიასტი გონების დაკმაყოფილება ხომ უძლიერესი ვნებაა, თითქოს, კევინში ცუდი ყოველთვის ლამობდა კარგის ჩახშობას: ბიჭი, რომელიც პირს მხოლოდ რაიმე გესლიანი დიატრიბას სათქმელად აღებდა, რომელიც ავსული სატანის ხორცშესხმად ევლინება დედას, ჩვენ აღგვიძრავს თანაგრძნობის სურვილს - თითქოს მკითხველის კალთაზე უნდა ჰპოვოს მან შვება - ის, რაც ვერ ჰპოვა დედის კალთაზე. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც დაფიქრებას გაიძულებთ და სუნთქვაშეკრულს გამყოფებთ კითხვის პროცესში, ყოველი თავის ბოლოს წარმოშობს კითხვას: რატომ? ეს ერთგვარი თამაშია უკიდურეს პესიმიზმსა და ასევე უკიდურეს ოპტიმიზმს შორის - "მძღოლიდან ტრანსპორტად ქცეული" დედის მუცელში დაწყებული კონფლიქტი; წინასწარი განწყობა, რომელსაც შეუძლია მოვლენათა ლოგიკურ განვითარებას აჯობოს; ილუზიები, რომელთა საშუალებითაც ვხედავთ იმას, რაც გვსურს, რომ დავინახოთ და არა იმას, რაც რეალობას შეესაბამება; მომავლის იმედით შემოსილი გულგრილობა, დახუჭული თვალები და უნდობლობა, რომელიც ურთიერთობას ანგრევს და ბოლოს - შედეგი, რომელიც ფატალურია. ლაიონელ შრაივერის რომანი, არის იარაღი წიგნის სახით, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებს, მათ შორის, იმ ერთი შეხედვით პატარა წვრილმანებზე, რომლებიც გრანდიოზული დანაშაულის წინაპირობა ხდება, თუმცა მთავარი კულმინაცია მკვლელობის მომენტი კი არა, მთელი წიგნია; მთავარი მოვლენა დანაშაული კი არა, კევინია - ბიჭი, რომლის ისტორიაც ზოგისთვის შეიძლება უაზრო იყოს, ზოგისთვის კი ყველაზე დიდი აზრის მატარებელი. მწერლის ოსტატობა, ემპათიით განიმსჭვალოთ ყველასთვის საძულველი პერსონაჟის - ერთდროულად მოძალადის და მსხვერპლის - უარყოფილი კევინის მიმართ, რომლის ტრიუმფსაც სხვებისთვის სიცოცხლის გამოსალმება წარმოადგენს, უზადოა. დაიმახსოვრეთ ერმა ბომბეკის სიტყვები, რომლებიც ეპიგრაფად უძღვის ლაიონელ შრაივერის საზოგადოდ და ჩემს გონებაში გახმაურებულ წიგნს: - "ბავშვს თქვენი სიყვარული ყველაზე მეტად სწორედ მაშინ სჭირდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს",- დაფიქრდით იმ პროვოკაციულ საკითხებზე, რომლებიც ავტორს უნიკალური გზით აქვს გადმოცემული, დაიხსომეთ წიგნში მოპოვებული სამასწავლებლო ციტატები და ეცადეთ თავად გასცეთ, საკუთარი ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე პასუხები იმ კითხვებს, რომლებიც ბევრისთვის კვლავ პასუხგაუცემელია Вернуться назад |