Главная > ელენეს ბლოგი > წყალი, როგორც ბუნების მაცოცხლებელი ენერგია

წყალი, როგორც ბუნების მაცოცხლებელი ენერგია


24-02-2022, 16:57. Разместил: qristine

„ბევრი ჩვენგანისთვის სუფთა წყალი იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, არც ვუფიქრდებით, როგორი იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე!“ - მარკუს სამუელსონი


ელენე ჟღენტი/ბოლნისი


  რამდენიმე თვის წინ ProActive Group Georgia - ს  გარემოსდაცვით ტრენინგ - კურსებზე ვიყავი ბაკურიანში, სადაც ტრენერებმა მონაწილეებს ჩვენს რეალურ ცხოვრებაში დედამიწის რესურსების გამოყენების შესახებ პატარა კვლევა ჩაგვატარებინეს. კვლევამ აჩვენა, რომ, თუ კაცობრიობა  თითოეული ჩვენგანის მსგავსად გააგრძელებს ცხოვრებას, რამდენიმე დედამიწა იქნება საჭირო.


  კვლევის კითხვარი შედგებოდა  წყლისა და ენერგიის გამოყენებაზე, ყოველდღიურ მავნე ჩვევებზე, რომელიც ვერ მოიშორა ადამიანმა მაშინაც კი, როდესაც ფეხის ერთ ნაბიჯში გლობალურ პრობლემებს აწყდება კლიმატის ცვლილების კუთხით.


  ჩემი შედეგი 3,5 დედამიწა იყო, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან ყოველთვის ვცდილობ:

✅ძილის წინ გამოვრთო სხვადასხვა ტექნიკა დენის წყაროდან;

✅კბილის ღრუს მოწესრიგებისას ონკანი დროებით დავკეტო, სანამ კბილების გამოხეხვას არ დავასრულებ;

✅ვადუღებ იმდენ წყალს, რამდენიც მჭირდება ჩაის დასალევად; 

✅თუმცა შხაპის მიღების დრო ვერანაირად ვერ შევამცირე.


  თითქოს მცირე, მაგრამ სწორედ ეს წვრილმანები  განსაზღვრავს შემდგომში დიდ ცვლილებებს.


  2022 წლიდან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, CENN კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებისთვის - #Act4Climate კამპანიას გვთავაზობს, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველთვიურად სხვადასხვა თემას შეეხება. რადგან თებერვლი წყლის დაზოგვის თვეა, სურვილი გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით თქვენთვის მეთქვა თუ რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წყალს და რა კავშირშია ის კლიმატის ცვლილებასთან.


წყალი, როგორც  ბუნების მაცოცხლებელი ენერგია

საქართველოს კანონი წყლის შესახებ


 არ არსებობს ბუნებრივი სხეული, რომელიც მას შეედრებოდა ყველაზე მნიშვნელოვან და გრანდიოზულ გეოლოგიურ პროცესებზე  გავლენის მოხდენაში. არა მხოლოდ დედამიწის ზედაპირი, არამედ მისი სიღრმე და მთელი ბიოსფერო განისაზღვრება და დამოკიდებულია წყლის არსებობასა და მის თვისებებზე. წყალზეა დამოკიდებული პლანეტის კლიმატი.


  წყალი უნიკალური და უპირველესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელი და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია. 


 წყალი ჩვენი პლანეტის საფუძველს წარმოადგენს.


  საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და, შესაბამისად, გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის – წყლის დაცვას.


  ყველა, საქართველოში მცხოვრები, ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა, არ დაუშვას მისი გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა.


კანონის მიხედვით: 

. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება სუფთა სასმელ წყალზე მოთხოვნილების პირველ რიგში დაკმაყოფილების;


. მოქალაქეს უფლება აქვს ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;


. ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად;


. დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე.


  მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის საქართველოს კანონის არსებობა წყლის შესახებ, შესაბსმისად მათ არ აქვთ  თავისივე უფლებების ირგვლივ ინფორმაცია.


 ამიტომ გეტყვით, რომ წყლის, წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების და ჰიგიენის ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა.



სუფთა წყალი და სანიტარია - მდგრადი განვითარების მეექვსე მიზანი


  მილიარდობით ადამიანი ჯერ კიდევ დგას გამოწვევების წინაშე ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე აუცილებელი მომსახურებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. სამწუხაროდ სწორედ წყალი არის ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა.


  ვფიქრობ, რომ რაც უნდა პრობლემატური იყოს მსოფლიოს მასშტაბით უმუშევრობა, ლტოლვილების საკითხი, ომები, სიღარიბე, შიმშილი და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სასმელი წყლის საკითხია, ვინაიდან წყალი სიცოცხლის საფუძველია და ყველა ცოცხალი ორგანიზმის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.


  წყლის მნიშვნელობა უშუალოდ ადამიანისთვის კარგად ჩანს სამედიცინო ფაქტებში, რომლის მიხედვითაც: თავის ტვინის 75%, სისხლის 92%, ძვლების 22% და კუნთების 75% შეადგენს წყალს . ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანს შეუძლია საჭმლის გარეშე 6 კვირა გაძლოს, წყლის გარეშე კი მხოლოდ 5 დღე, დასტურია წყლის უპირატესი მნიშვნელობისა საკვებთან შედარებით.


  ჩვენი პლანეტა სწორედ იმით არის უნიკალური ყოველ შემთხვევაში ,, ირმის ნახტომში“, რომ მასზე დიდი რაოდენობით წყალია, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ზედაპირის 70% წყალს უკავია, აქედან 97,2% მლაშე ხოლო 2,8 % მტკნარი წყალია,რომლიდანაც ასევე გარკვეული ნაწილი დაბინძურებულია, ასე რომ ნომერ პირველი პრობლემა სუფთა წყლის რესურსის ნაკლებობაა.


  მსოფლიოში დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი იყენებს ფეკალიებით დაბინძურებულ სასმელ წყალს. დაახლოებით 2.4 მილიარდი ადამიანი მოკლებულია წყალმომარაგების და წყალარინების აუცილებელ მომსახურებებს, კერძოდ კი ტუალეტებსა და საპირფარეშოებს. წყლის სიმწირე გავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ზე. მოსალოდნელია, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებზეც წყლის სიმწირე გავლენას ახდენს, გაიზრდება. ნარჩენი წყლის 80%-ზე მეტი ადამიანის საქმიანობის შედეგად ჩაედინება მდინარეებსა და ზღვებში გაწმენდის გარეშე, რაც გარემოს დაბინძურებას იწვევს.


  წყალთან და წყალმომარაგების და წყალარინების პრობლემებთან დაკავშირებული დაავადებები ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად რჩება.  800 მეტი ბავშვი კვდება ყოველდღიურად დაიარიის დაავადებებით, რაც ჰიგიენური ნორმების დაუცველობასთან არის დაკავშირებული.


  გასაკვირია, მაგრამ სუფთა წყლის პრობლემა წყალუხვ საქართველოშიც არის. მიუხედავად იმისა,რომ საქართველო წყლის რესურსით მდიდარია, არაერთი ქალაქი თუ სოფელი ამ პრობლემის წინაშეა.


  ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში პრობლემა გაუმართავ სისტემაშია და არა წყლის ნაკლებობაში. 


პრობლემას თუ ჩავუღმავდებით, მარტივად აღმოვაჩენთ მის გადაჭრის გზებს.


  ამ გლობალური პრობლემის მოგვარება კი სასმელი წყლის რაციონალური გამოყენებით არის შესაძლებელი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიაზროთ, რომ ზემოდ ხსენებულ პატარა დეტალებს, დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია, რაც ამ შემთხვევაში კარგს არაფერს მოგვიტანს.  


  ვფიქრობ, სუფთა წყალი XXI საუუნის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას აერთიანებს, ამიტომ თითოეული ჩვენგანის, ხელისუფლებების, მეცნიერების, გამომგონებლების, ხელოვანების, თავად ბუნების სურვილი და ძალისხმევაა საჭირო ამ საკაცობრიო პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დავიცვათ არა მარტო ჩვენი თავი და მომავალი თაობა, არამედ დავიცათ ჩვენი პლანეტა დედამიწა.


  წყლის პრობლემის მარტივად წარმოდგენაში და მისი გადაჭრის გზების ყოველდღიურ ჩვევად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული ანიმაციები:






Вернуться назад